საქართველოში ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოში ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საქართველოს პრეზიდენტის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სასამართლოების, თვითმმართველობის ორგანოების, მედია გამოცემების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. საიტებზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩანს ინგლისურენოვანი წარწერით „მე დავბრუნდები“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია, აჭარის უმაღლესი საბჭო, ქუთაისის მერია, ბათუმის მერია, მედიის განვითარების ფონდი, საზოგადოება და ბანკები, გურიის მოამბე, დიანიუსი, თრიალეთი – ეს იმ საიტების არასრული ჩამონათვალია, ვისზეც კიბერთავდასხმა მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, კიბერთავდასხმა ასზე მეტ ვებგვერდზე მოხდა.

კომპანიების ინფორმაციით, ჰაკერული შეტევა ახლაც გრძელდება და ისინი მოგერიების რეჟიმში არიან.

სავარაუდო კიბერშეტევის გამო გაითიშა ტელეკომპანიების „იმედის“ და „მაესტროს“ მაუწყებლობაც.

„ქსელი არის პარალიზებული, ვერ ვიღებთ ვერანაირ სიგნალს, ვერ გავდივართ ეთერში, ვერ ვიყენებთ სამონტაჟო კომპიუტერებს. ვმუშაობთ, რომ ძალიან მალე დავბრუნდეთ ეთერში“, – განაცხადა „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიხლაძემ.

მოგვიანებით „იმედის“ მაუწყებლობა აღდგა.