საქართველოში აქციების მეთოთხმეტე დღე. ორგანიზატორები ტაქტიკას ცვლიან

„მივალთ ყველგან, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია იქნება”

უკვე მეთოთხმეტე დღეა საქართველოს პარლამენტის შენობასთან არ წყდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია.

ბოლო სამი დღეა აქცია აღარ არის ისეთი ხალხმრავალი, როგორც მანამდე იყო, თუმცა ორგანიზატორები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ ვიდრე აქციის მონაწილეთა ერთადერთი მოთხოვნა – გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია – არ დაკმაყოფილდება. მათი თქმით, პროტესტი უბრალოდ ახალ ფორმებს შეიძენს და საქმეში “პარტიზანული ტაქტიკა” ჩაერთვება – აქციის მონაწილეები აპირებენ მივიდნენ ყველგან, სადაც მივა შს მინისტრი და მას დიდი დისკომფორტი შეუქმნან. 

___________________

3 ივლისს, ჩვეულ დროს, საღამოს 19 საათზე პარლამენტის წინ მომიტინგეები კვლავ შეიკრიბებიან. “სამსახურში მივდივართ,” – უკვე ასე ეძახიან ისინი ყოველ საღამოს პარლამენტის წინ დგომას.

აქციას უკვე აქვს თავისი სიმბოლიკა -წითელი ფერის თვალის სახვევი, რომელსაც აწერია “20%”. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ეს სახვევი ორ რამეს გამოხატავს – 21 ივნისის აქციის დარბევისას თვალდაკარგული ადამიანების მიმართ სოლიდარობას  და ასევე იმის შეხსენებაა, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს.

როგორ და რატომ დაიწყო თბილისის აქციები  

ქუჩის აქციები თბილისში 20 ივნისს დაიწყო. ათასობით ადამიანის პროტესტის მიზეზი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი გახდა, რომელიც თბილისში მართლმადიდებელთა საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 

საქართველოს მოქალაქეები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ასამბლეა, რომელიც პარლამენტის შენობაში ტარდებოდა, რუსმა დეპუტატმა გახსნა. გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა და აუდიტორიას რუსულად მიმართავდა.

პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი ეკითხებოდნენ ხელისუფლება – “რა უნდოდა ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში? “

21 ივნისს, გამთენიას  პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა აქცია ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა.  200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათგან ორმა მხედველობა დაკარგა, ერთი კი, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება მას შემდეგ, რაც რეზინის ტყვია თავში მოხვდა. აქციის დაშლა ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა აქციაზე მომიტინგეებს პარლამენტის შენობაში შესვლისკენ მოუწოდა.  

21 ივნისს, დღისით საქართველოს პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.  24 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ მომიტინგეთა კიდევ ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ამჟამად პროტესტანტების მთავარი და ერთადერთი მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა.

ორი კვირის თავზე ორგანიზატორები პროტესტის ახალ ფორმებზე ფიქრობენ.

აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ხუთშაბათს, 4 ივლისს, პარლამენტის შენობის წინ გაიმართება კონცერტი, ხოლო შაბათისთვის (6 ივლისი) იგეგმება მასშტაბური მსვლელობა თბილისის ცენტრში.

შემდეგი კვირიდან კი, პარლამენტის შენობის წინ „მუდმივი სამუშაო სივრცე“ მოეწყობა.

„ყოველ საღამოს დიდ მონიტორზე ვაჩვენებთ ფილმებს რუსულ ნარატივზე. იქნება წიგნების პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები. ვილაპარაკებთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ პროტესტი უფრო მრავალფეროვანი გახდეს და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას გასცდეს.

„მივალთ ყველგან, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია და სხვა თანამდებობის პირები მივლენ. იქნება აქციაც, რომლის პარალელურად პროტესტი პარტიზანული ტაქტიკით გაგრძელდება“, – ამბობს მაქარაშვილი.