გახარიას და მის მთავრობას პარლამენტში 20 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ვიდეო უჩვენეს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას და მის მიერ წარმოდგენილ მთავრობას „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომაზე 20 ივნისის აქციის დაშლის შესახებ შექმნილი ვიდეო „გამოდი გარეთ!“ უჩვენეს.

„ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეო შეკითხვით, რომელსაც თქვენ იხილავთ ეკრანზე და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი. მოითხოვს მთელი ქვეყანა. საზოგადოებას აინტერესებს რატომ და ვინ არის დამნაშავე“, – განაცხადა დეპუტატმა რომან გოცირიძემ სხდომის წაყვანისას.

Moku T-ს მუსიკა „გამოდი გარეთ!“ 20 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი კადრებითაა შექმნილი, ხოლო ტექსტში ისმის „როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, გახარიას უხარია“.

20 ივნისს, რუსეთის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა და იქიდან გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია. დეპუტატის საქციელს თბილისში პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია „სირცხვილია“ მოჰყვა.

20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად პოლიციამ დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენა, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

By admin