“დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა რუსეთთან ახლოს” – რას წერს უცხოური პრესა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

"დემოკრატიის მბჟუტავი შუქურა რუსეთთან ახლოს" - რას წერს უცხოური პრესა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე?

დასავლეთის პრესა სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს თბილისში მიმდინარე ანტისახელისუფლო საპროტესტო აქციებს. ამჯერად მკითხველის ყურადღებას მივაპყრობთ იმ სტატიებზე, რომლებიც ორ ცნობილ გამოცემაში – ბრიტანულ გაზეთ Financial Times-ში და ამერიკულ Foreign Policy-ში 28 ნოემბერს გამოქვეყნდა.
“პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი, იქვე შეკრებილი დემონსტრანტები დროშებს აფრიალებენ, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი მზადაა შეტევისათვის, სახელმწიფო შენობების კარებს კი ჯაჭვები ახვევია და ბოქლომები ჰკიდია”, – ასე არის აღწერილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე შექმნილი ვითარება ბრიტანულ Financial Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: “საქართველო ანტისამთავრობო პროტესტებითაა შეძრული” (სტატიის ავტორი – სალომე ფხალაძე, თბილისიდან).
პუბლიკაციაში გადმოცემულია აქციების როგორც მიზეზი (მმართველი პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ არ შეასრულა ოპოზიციისადმი მიცემული დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე), ასევე აქციების მიზანი და მოთხოვნები (დემოკრატიის გაღრმავება, ქვეყნის წინსვლა, ვადამდელი არჩევნები), მონაწილეთა რაოდენობა (20 ათასი ადამიანი), აგრეთვე პოლიციის სპეცნაზის მიერ აქციის დაშლისას დაკავებულ-დაშავებულთა რიცხვი – დააკავეს 25, დაშავდა 3 ადამიანი.
“პროტესტების ეს ტალღა მმართველი პარტიისათვის ყველაზე დიდი გამოწვევას წარმოადგენს 2012 წლის შემდეგ, როცა “ქართულმა ოცნებამ” მიხეილ სააკაშვილის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაამარცხა”, – ხაზგასმულია პუბლიკაციაში.
“დემონსტრანტების მთავარი ლოზუნგი “ყველა ერთის წინააღმდეგ” – “ერთში” იგულისხმება მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” ლიდერი, რომელმაც თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთში დააგროვა. კრიტიკოსები ყოფილ პრემიერ ივანიშვილს ბრალდებას უყენებენ, რომ იგი ქვეყანას კულისებიდან მართავს. ამასთან, “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მას ქვეყანა პროდასავლური კურსით მიჰყავს და მხარს უჭერს ინტეგრაციის გაღრმავებას ევროკავშირთან და აშშ-სთან, თუმცა თავის მხრივ, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მმართველ პარტიას რუსეთისადმი ზედმეტად ლოიალობაში ადანაშაულებენ”, – აღნიშნავს ავტორი.