20-21 ივნისის საქმეზე 16 პირი, მათ შორის მაკო გომური სასამართლომ დაზარალებულად არ ცნო

მაკო გომური

მაკო გომური

ფოტო: რადიო თავისუფლება/ვიდეოკადრისტატიის გაგრძელება

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე 16 პირიდან დაზარალებულად არც ერთი ცნო. მათ შორის არც მაკო გომური. 

„ინტერპრესნიუსი“ საიას იურისტ რეზო აჭარაძის კომენტარზე დაყრდნობით წერს, რომ მათი საჩივარი 16 ადამიანის დაზარალებულად ცნობას მოიცავდა, რომელთაგან 8 ჟურნალისტი, 8 კი სამოქალაქო პირი იყო. 

საიას საჩივარი სასამართლომ 25 ოქტომბერს არ დააკმაყოფილა, დასაბუთებული განაჩენი კი დღეს ჩაბარდათ.

იურისტის განცხადებით, პროკურატურამ აღნიშნული პირების დაზარალებულად ცნობაზე უარი განაცხადა, სასამართლო კი ბოლო შანსი იყო. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20-21 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს 11 ოქტომბერს მიმართა. საია სასამართლოში პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 მოქალაქისთვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა. 

20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.