რა კავშირი აქვს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს „ცოცხალი მკვდრის“ საქმესთან

რა კავშირი აქვს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძეს „ცოცხალი მკვდრის“ საქმესთან

„ეს არის ქალბატონი, მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე, რომელმაც წლების წინ მკვლელობაზე გაასამართლა ადამიანი, გაუშვა ციხეში და მერე, 6 თვის შემდეგ, მოკლული აღმოჩნდა ცოცხალი. ამის შემდეგ იგი დაითხოვეს სასამართლო სისტემიდან, მერე „ქართულმა ოცნებამ“ დააბრუნა. მანვე გამოსცა განჩინება დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ ანუ მან დააპატიმრა დათო კირკიტაძე და გასულ თვეს, 15 თებერვალს, მურუსიძე-ჩინჩალაძემ ეს ოდიოზური ქალბატონი სასამართლო სისტემაში, გაამწესეს უვადო მოსამართლედ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ 12 მარტს, გურჯაანში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესის შემდეგ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, 2018 წლის 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, პოლიციელზე თავდასხმაშია ბრალდებული. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს, ოპოზიციის წარმომადგენლები თელავში ჩასვლას და საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ. კახეთში ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებს თელავამდე მისასვლელი გზები რამდენიმე ადგილას პოლიციამ გადაუკეტა, მათ შორის ჩახერგეს ავტობუსებით. “ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში და არ ჩავატარებინებთ მაგ ქალს ინაუგურაციას იმიტომ, რომ არც მთავარსარდალია და არც პრეზიდენტი“, – აცხადებდა კირკიტაძე. მან ერთ-ერთ ავტობუსში შეღწევა ფანჯრიდან ფიზიკური ძალის გამოყენებით სცადა, რა დროსაც საჭესთან მყოფ პოლიციელს ხელებითა და ფეხებით რამდენჯერმე დაარტყა.