ჩინური სკოლის 10 თავისებურება და მოსწავლის აღზრდის მკაცრი მეთოდები

იყო ჩინელი მარტივი საქმე არ არის. მაშინ, როდესაც სოციალური გარანტიების გარეშე ქვეყანაში 1,5 მილიარდზე მეტი ადამიანია, ცხოვრებაში საკუთარი ადგილის საპოვნელად ბევრი უნდა იშრომო. თუმცა ჩინელი ბავშვები ამისთვის მზად არაინ.  მათთან მძიმე შრომა პირველივე კლასიდან იწყება.

ინგლისური ენის პედაგოგი, რომელიც ოთხ ჩინურ სკოლაში ასწავლიდა მათ თავისებურებებზე საუბრობს:

1. ჩინეთის ბევრ სკოლაში არ არის გათბობა, ამიტომ ზამთარში მასწავლებლები და მოსწავლეები ქურთუკებს არ იხდიან. ცენტრალური გათბობა მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში არის. ჩინეთის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში შენობები თბილ კლიმატზეა გათვლილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზამთარში, როდესაც ტემპერატურა ნულამდე ან უფრო დაბლაც შეიძლება დაეცეს, გათბობის ერთადერთ საშუალებას კონდიციონერი წარმოადგენს. სასკოლო ფორმა – სპორტული კოსტუმი: განიერი შარვალი და ქურთუკია. მისი სტილი პრაქტიკულად ყველგან ერთნაირია, განსხვავდება მხოლოდ კოსტუმის ფერი და მკერდზე გამოსახული სკოლის ემბლემა. სასწავლო დაწესებულება დიდი რკინის კარიბჭეთი არის შემოსაზღვრული და მას მხოლოდ იმისთვის აღებენ, რომ მოსწავლეებმა გასვლა შეძლონ.

2. ჩინურ სკოლებში ყოველ დღე ვარჯიშობენ. სკოლაში დილა ვარჯიშით იწყება. მის შემდეგ ყველა მოსწავლე ერთად იკრიბება. მათ მთავარ სიახლეებს აცნობენ და ხდება სკოლის ან სახელმწიფო დროში აღმართვა. მესამე გაკვეთილის შემდეგ ყველა ბავშვი თვალების მოსადუნებელ ვარჯიშებს, სარელაქსაციო მუსიკის ფონზე, აკეთებს. დილის გარდა არის დღის ვარჯიშებიც. ორი საათისთვის მოსწავლეებს თავს ისევ ერთად უყრიან. ხელების განზე და ზემოთ აწევის პარალელურად ისინი აქტიურად ხტუნაობენ.

3. დიდი დასვენება მთელი საათი გრძელდება. ამ დროში ბავშვები სასადილოში წასვლას (თუ სკოლაში არ არის სასადილო, მათთვის საჭმელი სპეციალური კონტეინერებით მოაქვთ), სირბილს, ფეხების მოდუნებას და თამაშსაც კი ასწრებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა სკოლაში მასწავლებლებს უფასოდ აჭმევენ. თანაც საკმაოდ კარგად. ტრადიციულად სადილი ერთი ხორცის და ორი ბოსტნეულის კერძისგან შედგება. ფასიან სკოლებში ასევე ხილსა და იოგურტებს არიგებენ. ჩინელებს ჭამა ძალიან უყვართ, რას სასკოლო ცხოვრებაშიც კი აისახება. დიდი შესვენების შემდეგ ზოგიერთ პატარს ,,ძილისთვის“ 5 წუთს აძლევენ.

4. ჩინეთში მასწავლებლებს დიდ პატივს სცემენ. მათ გვარით მიმართავენ. ასევე თავსართს ,,მასწავლებელო“ იყენებენ, მაგალითად: მასწავლებელო ჯან ან მასწავლებელო სიან.

5. ბევრ სკოლაში ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. მასწავლებელს ამა თუ იმ დანაშაულისთვის მოსწავლის ხელით დარტყმა შეუძლია. მსგავსი მიდგომა განსაკუთრებულად დიდი ქალაქებისგან მოშორებით მდებარე სკოლებში არის გავრცელებული. ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ინგლისური სიტყვების დასასწავლად განსაზღვრულ დროს აძლევდნენ. მისი გასვლის შემდეგ, ყოველ დაუსწავლელ სიტყვაზე მოსწავლეებს წკეპლა ხვდებოდათ.

6. კლასში მოსწავლეების რეიტინგი კიდია, რაც მათ სწავლის მეტ სტიმულს აძლევს. ნიშნები A-დან F-მდე, სადაც A არის ყველაზე მაღალი და შეესაბამება 90-100%, ხოლო F არადამაკმაყოფილებელი – 59%, მერყეობს. კარგ დისციპლინაზე შექება საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მაგალითად, სწორი პასუხისთვის ან სამაგალითო ქცევისთვის მოსწავლე განსაზღვრული ფერის ვარსკვლავს ან დამატებით ქულას იღებს. გაკვეთილზე საუბრისთვის ან დაუმორჩილებლობისთვის კი ქულებისა და ვარსკვლავების დაკლება ხდება. ყველაფერი ეს ყველასათვის ხელმისაწვდომ გრაფიკზე აისახება. შეიძლება ითქვას, რომ კონკურენცია სახეზეა.

7. ჩინელი ბავშვები დღეში 10 საათზე მეტ ხანს სწავლობენ. ჩვეულებრივ გაკვეთილები დილის 8 საათიდან შუადღის 3-4 საათამდე გრძელდება. შემდეგ ბავშვები სახლში მიდიან და დაუსრულებელ საშინაო დავალებას საღამოს 9-10 საათამდე აკეთებენ. უქმეებზე მოსწავლეებს, რომლებიც დიდ ქალაქებში ცხოვრობენ, რეპეტიტორებთან დამატებითი გაკვეთილები აუცილებლად უტარდებათ. გარდა ამისა, ისინი მუსიკალურ და ხელოვნების სკოლებში, ან სპორტულ სექციებზე დადიან. უდიდესი კონკურენციიდან გამომდინარე ბავშვები მშობლების ზეწოლას პატარაობიდანვე განიცდიან.

8. ჩინეთში სახელმწიფო და კერძო სკოლებს შეხვდებით. კერძო სკოლაში სწავლის საფასური შეიძლება თვეში 1000 დოლარამდე ავიდეს. განათლების დონე მათში ბევრად მაღალია. განსაკუთრებული ყურადღება უცხო ენის შესწავლას ეთმობა. დღეში ჩატარებული ინგლისურის 2-3 გაკვეთილის დახმარებით, ელიტარული სკოლის მოსწავლეები მეხუთე კლასში უცხო ენაზე თავისუფლად საუბრობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შანხაიში უცხოელი პედაგოგები რიგით სკოლებში ასწავლიან.

9. საგანმანათლებლო სისტემა მექანიკურ დამახსოვრებაზეა დაფუძნებული. ბავშვები უამრავ მასალას უბრალოდ იზეპირებენ. მასწავლებელი მათგან ავტომატურ პასუხს ითხოვენ და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, გაიაზრა თუ არა მოსწავლემ ესა თუ ის ინფორმაცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლა პოპულარობას სწავლის ალტერნატიული მეთოდები: მონტესორი და ვალდორფი იძენს. ორივე მათგანი ბავშვებში შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე არის ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამ საკითხით მხოლოდ კერძო სკოლები დაინტერესდნენ, რომლებში სწავლა იმდენად ძვირია, რომ ხელმისაწვდომი მხოლოდ ერთეულებისთვის არის.

10. ბავშვს ღარიბი ოჯახებიდან, კუნგ-ფუს სკოლებში გზავნიან. ბავშვები, რომლებსაც სწავლა არ უნდათ და მშობლების აზრით ძალიან მოუსვენრები არიან, საერთო საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მიჰყავთ.

კუნგ-ფუს სკოლაში ისინი დილიდან საღამომდე ვარჯიშობენ. გამართლების შემთხვევაში ისინი საბაზისო დაწყებით განათლებას იღებენ, რაც ჩინურ ენაზე წერა-კითხვას გულისხმობს. ასეთ დაწესებულებებში ფიზიკური დასჯა ჩვეულებრივი მოვლენაა. მასწავლებლებს მოსწავლეების გაწკეპლაც კი შეუძლიათ. სამაგიეროდ სახლში ისინი დისციპლინირებულები ბრუნდებიან. კუნგ-ფუს ცნობილი ოსტატების დიდმა ნაწილმა სწორედ ასეთი სკოლა გაიარა. ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვებს აქ ჯანმრთელობის გამოსასწორებლად 1-2 წლით აბარებენ.

მიუხედავად იმისა, თუ სად სწავლობს ჩინელი მოსწავლე – კუნგ-ფუს თუ კერძო სკოლაში, ბავშვობიდან ის სამ ძირითად თვისებას: შრომის ფასს, დისციპლინასა და უფროსების პატივისცემას იძენს.

მათ ბავშვობიდან ასწავლიან იყვნენ საუკეთესოები, მნიშვნელობა არ აქვს რაში.

შეიძლება სწორედ ამიტომ ჩინელები მეცნიერების ყველა განშტოებაში, კულტურასა და ხელოვნებაში წამყვანი ადგილების დაკავებას იწყებენ. ევროპელებს, რომლებიც უფრო ლოიალურ პირობებში გაიზარდნენ, ისინი ხშირად შანსს არ უტოვებენ.