ავარიების შედეგად გორში 12 წლის ბავშვი დაიღუპა, ახალციხეში კი 8 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა

ავარიების შედეგად გორში 12 წლის ბავშვი დაიღუპა, ახალციხეში კი 8 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა

გორის მუნიციპალიტეტში, გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. ავტოავარია გუშინ, 6 სექტემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეშიც, სადაც 8 წლის ბავშვი მოტოციკლის შეჯახების შედეგად მძიმედ დაშავდა. შემთხვევა მოტორბოლის დროს მოხდა. დაშავებული ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

პოლიცია ახალციხეში მომხდარ შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.