როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე

ორშაბათი, 30 ნორმბერი 2020

როგორ იმოქმედა კორონავირუსის პანდემიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე

ყრუთა კავშირის კახეთის ორგანიზაციის ძველი საცხოვრებელი რომ არა, კორონავირუსის პანდემიის გამო მაია დანელიშვილი უმუშევარი დარჩებოდა, ისევ მხოლოდ 100 ლარიანი პენსიის ამარა. 100 ლარი კი საქსტატის მიერ, შრომისუნარიანი ადამიანისთვის გამოთვლილ საარსებო მინიმუმზე ბევრად, 68 ლარით დაბალია.

მაია დანელიშვილი რამდენიმე წელია თელავის სათნოების სახლში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობს. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, მაია არჩევანის წინაშე დადგა: სახლიდან სამსახურამდე ტაქსით უნდა ევლო, რაც იაფი არ არის. მაია კახეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს და მგზავრობის ყოველდღიური ხარჯი სულ მცირე 20 ლარს აღწევს. მისი ყოველთვიური ხელფასი კი 400 ლარია, რაც ტრანსპორტირებისთვისაც არ იქნებოდა საკმარისი. მაიას შეეძლო სამსახურთან ახლოს ბინა ექირავებინა, თუმცა მისი ხელფასი არც ბინის ქირისა და კომუნალური გადასახადების გადახდას ეყოფოდა.

ყრუთა კავშირის მიერ მისთვის თელავში პატარა საცხოვრებელი სახლის დათმობა, მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აღმოჩნდა. ახლა მაიას დროებითი საცხოვრებლიდან სამსახურამდე დაახლოებით 2 კილომეტრია. რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ისევ გაჩერებულია, მაიას გადაადგილებაში მეუღლე, ივანე დანელიშვილი ეხმარება. ისიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. მისი ერთადერთი შემოსავალიც ასლარიანი პენსიაა. ივანე წუხს, რომ პანდემიის გამო დღიური სამუშაოებიც შემცირებულია.

დასაქმების კუთხით პრობლემები პანდემიამდეც ჰქონდათ. “დამსაქმებელთან ჟესტური ენის თარჯიმნის გარეშე თუ მივიდოდი, გაუგებრობა იქმნებოდა. ხშირად აგრესიულები ხდებოდნენ. მე შრომა შემიძლია, რასაც დამავალებენ, თუ კარგად ამიხსნიან, ყველაფერი შემიძლია გავაკეთო. დასაქმების მხარდაჭერაშიც და არამხოლოდ, თარჯიმნებს დიდი როლი აქვთ, ისინი კი საკმაოდ ცოტანი არიან. ამიტომ, მე მთავრობას ვთხოვ, რომ ხელშეწყობა მოხდეს და ჟესტური ენის მეტი თარჯიმანი გვეხმარებოდეს“, – ამბობს ივანე.

თელავის სათნოების სახლი შშმ პირთა დასაქმების კუთხით კარგი გამონაკლისია. ორგანიზაციაში რამდენიმე შშმ პირი ჰყავთ დასაქმებული.