ბუკნარში, სადაც მუსლიმებისა და ქრისტიანებს შორის კონფლიქტი იყო, ვითარება დაიძაბა

ოთხშაბათი, 13 იანვარი 2021 

hits
ფოტოკადრი „ფორმულას“ ეთერიდან

ფოტოკადრი „ფორმულას“ ეთერიდან

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მუსლიმური სამლოცველოს მოწყობის საკითხზე უთანხმოებაა, ვითარება დაიძაბა. სოფელში მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

პოლიცია მუსლიმების ჯგუფს სოფლის ცენტრამდე მისვლის საშუალებას არ აძლევდა, რადგან მანამდე იქ ქრისტიანები იყვნენ შეკრებილი. ათობით ადამიანმა პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად სოფლის ცენტრამდე მისვლა შეძლო.

„ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. ძალიან ცუდი სიტუაციაა, რაც არ შეგვეფერება. ამ სოფელში ძალიან ცუდად დამთავრდება ყველაფერი, თუ ხელისუფლება შესაბამის განწყობაზე არ დაგვაყენებს ამ ხალხს. ჩვენმა თანამემამულეებმა უნდა ირწმუნონ, რომ ჩვენ გვაქვს ლოცვის უფლება. კონსტიტუციურად ხომ გვაქვს ამის უფლება, რაიმე უკანონოს ვითხოვთ? წლების განმავლობაში ჩვენი მამა-პაპები აქ გაიზარდნენ და ყველა თავისებურად ლოცულობდა, ახლა რა მოხდა?“, – განაცხადა მუსლიმი თემის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

მუსლიმების თქმით, რამდენიმე თვის წინ, მათ სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. გუშინ სოფელში კონფლიქტი მოხდა, რის შედეგადაც, მუსლიმების მხარეს 2 არასრულწლოვანი დაშავდა. დაზიანებები მათ თავის არეში ქვებით მიაყენეს, რის გამოც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავა.

დღეს სოფელ ბუკნარში აჭარიდან მუსლიმები ჩავიდნენ და ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ჩოხატაურის მერმა, ირაკლი კუჭავამ „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ მუსლიმების ნაწილმა დაახლოებით 10 თვის წინ სახლი შეიძინა, სადაც ყოველ პარასკევს ლოცვა იმართება. მერის თქმით, „ქრისტიანი მოსახლეობა ლოცვის წინააღმდეგი კი არ არის, არამედ მათ აქვთ განცდა, რომ ამას მეჩეთის აშენება და მინარეთი მოჰყვება“.

ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC). ის ხელისუფლებას მოუწოდებს, კონფლიქტის მოგვარების მიზნით შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებას და უპასუხებს მათ საჭიროებას სოფელში მეჩეთის სივრცის არსებობის შესახებ, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს მშვიდობიან, სოლიდარულ და თანასწორ გარემოში თანაცხოვრებას.