ეკატერინე ტიკარაძე: გვინდა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის ექიმისა და ექთნის როლი

პირველადი ჯანდაცვა ესაა ფუნდამენტი სისტემისა და ჩვენი ჯანმრთელობის, – ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „ქრონიკაში“ განაცხდა.

„პირველად ჯანდაცვაში ჩადებული ინვესტიცია მოქალაქესა და სახელმწიფოს აძლევს იმ კაპიტალს, რომლის მონეტიზირებაც შეუძლებელია, ვინაიდან, პირდაპირ გადის ჩვენს ჯანმრთელობაზე. მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები გაკეთდეს, პრვენციასა და დაავადების მართვის ხანგრძლივ მეთვალყურეობით კომპონენტებზე, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე გვინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებობდა პირველადი ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების ასიმეტრიული კომპონენტი. „ეს წარმოშობდა საკმაოდ დიდ დისბალანსს. საბოლოო ეფექტი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები, ხელმისაწვდომობის არ ქონის გამო, ვერ ახდენდნენ დროულ რეაგირებას მათ დაავადებაზე. რაც საბოლოოდ აისახებოდა გართულებულ დიაგნოზების მართვაში, რომელიც მიმდინარეობდა ჰოსპიტალურ სექტორში და ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოსა და მოქალაქის მხრიდან იწვევდა საკმაოდ დიდ დანახარჯს. უკვე შორს წასული პროცესების მენეჯმენტი იმდენად რთულია, რომ საბოლოო ჯამში ვკარგავთ ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარისხს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ესაა ის ფილოსოფია, რომელიც გვინდა რომ დავნერგოთ, რათა გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის ექიმისა და ექთნის როლი. ასევე გაძლიერდეს კავშირი პირველადი ჯანდაცვის ექიმსა და პაციენტს შორის, რითაც ჩვენ შევძლებთ ისეთი ქრონიკული და ინფექციური დაავადებების მართვას, რომელიც საბოლოო ჯამში გართულებებს იწვევს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ რეფორმის მომზადებაში ჩართული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, მათი ესპანეთის ოფისი, ასევე ესტონეთის წარმომადგენლები და ქართველი ექსპერტები.