ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ბავშვებისთვის დიაბეტის აპარატებს შეიძენენ

სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლითაც მოქალაქეები ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას ითხოვენ, რომ დიაბეტიანი ბავშვებისთვის სახელმწიფომ შეიძინოს აპარატები, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ზომავს. დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს თამარ გაბუნიას მედიამ ჰკითხა, რატომ არ გამოიყო თანხა ბიუჯეტში ამ პროექტისთვის:

„რაც შეეხება დიაბეტის აპარატს, რომელიც განსაზღვრავს სისხლში შაქრის დონეს, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო დიდი ხანია მუშაობს. უკვე შერჩეულია აპარატურა, რომლის შეძენაც უნდა მოხდეს. ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რომ მოხდეს დამატებით ამ რესურსის მობილიზება. ვფიქრობ, ეს მოთხოვნა აუცილებლად დაკმაყოფილდება, რომ ბავშვებმა მომავალ წელს შეძლონ შესაბამისი მომსახურეობის მიღება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რაც შეეხება ზოგადად, ბიუჯეტის 2022 წლის პროექტში პანდემიური ხარჯების შემცირებას, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ სამინისტრო ხარჯების შემცირებას ჰოსპიტალიზაციის შემცირების ხარჯზე ვარაუდობს.

„წელს ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ხორციელდება დამატებითი რესურსის მობილიზება დამატებითი ვაქცინების შესაძენად. გარდა ამისა, ვფიქრობთ, ჰოსპიტალების დატვირთვაც შემცირდება. ვინაიდან ჰოსპიტალიზაციის მძიმე ტვირთს არ ველოდებით, ეს ბიუჯეტის პარამეტრებზეც აისახა“, – აღნიშნა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, კოვიდ-19-ის მართვისთვის გათვალისწინებულია 500 მილიონი ლარი, როცა მიმდინარე წელს ეს თანხა 810 მილიონს შეადგენდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.