რა შესთავაზა უკრაინამ რუსეთს სტამბოლის მოლაპარაკებებზე

სტამბოლში თურქეთის ხელისუფლების მედიაციით რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ მოლაპარაკებების პროცესი დადებითად შეაფასა. შეხვედრის შემდეგ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა რუსეთისთვის შეთავაზებულ პუნქტებზე ისაუბრეს:

უკრაინა მზადაა, არ შეუერთდეს ალიანსებსა და არ განათავსოს ქვეყანაში სამხედრო ბაზები, თუ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება NATO-ს კოლექტიური თავდაცვის მე-5 მუხლის მსგავსი პირობებით, რომელთა შესრულებასაც გარანტორი ქვეყნები უზრუნველყოფენ. (უკრაინამ გარანტორებად დაასახელა ისრაელი, კანადა, პოლონეთი და თურქეთი. ასევე განიხილავენ რუსეთს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და იტალიას).

მხარეები ყირიმისა და დონბასის საკითხების ცალ-ცალკე განხილვას შეთანხმდნენ. ორი ქვეყანა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სტატუსზე მოლაპარაკებებს 15 წლის განმავლობაში გააგრძელებს. განსახილველ საკითხთა შორისაა რეგიონში ცეცხლის სრულად შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაც.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების სტატუსის საკითხი წერილობით წინადადებაში ცალკე პუნქტადაა შეტანილი, რომელიც, შეიძლება, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა პირად შეხვედრაზე განიხილონ. უკრაინის პოზიციაა, რომ დონბასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება საჭიროებს ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარებას.

უკრაინა ასევე მზადაა, შეინარჩუნოს არაბირთვული ქვეყნის სტატუსი. შეთანხმების შემთხვევაში, უკრაინა არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებსა და სამხედრო კონტინგენტებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ამასთან უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ გარანტორი ქვეყნების თანხმობით.

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ მედინსკიმ თქვა, რომ იგი შეხვედრით კმაყოფილია და უკრაინის წინადადებებს განიხილავენ.

“რუსეთი ორ ნაბიჯს დგამს უკრაინის მიმართ კონფლიქტის დეესკალაციისთვის”. – თქვა მედინსკიმ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებით შეამციროს საომარი მოქმედებები. ინფორმაცია სტამბოლში გამართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელდა.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს თურქეთში დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.