გაერო: ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ 3.9 მილიონს გადააჭარბა

უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ, სამშობლოს დატოვება 3.9 მილიონზე მეტ უკრაინელს მოუწია. განახლებულ ანგარიშს გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ავრცელებს.

გაეროს მონაცემებით, 3.9 მილიონი ადამიანიდან, ვინც უკრაინა დატოვა, 1.8 მილიონზე მეტი ბავშვია.

ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ კი 6.5 მილიონს გადააჭარბა. მათ შორის, 2.5 მილიონზე მეტი ბავშვია.

ორგანიზაციის შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ეს ევროპაში ყველაზე სწრაფად მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.