გამყრელიძე: ნუ მიეცემით პანიკას, ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღეთ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყელიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, ჩინეთიდან ჩამოსული ყველა მგზავრი მნიშვნელოვნად კონტროლდება. 

გამრყელიძე სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მომხმარებლის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციასაც ეხმაურება. ის მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ.

“ნუ მიეცემით პანიკას იმიტომ რომ ეს პანიკა კიდევ უფრო აუარესებს შემდგომ საზოგადოებრივ აზრს და ქვეყანაში უფრო ართულებს ამ დაავადების პრევენციისა და ამ დავადების პროფილაქტიკას. საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსი არ დაფიქსირებულა. საქართველოში მნიშვნელოვნად კონტროლდება ჩინეთიდან ყველა მგზავრი. იქნება ჩინეთის თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე. არის სერიოზული მზადყოფნა ქვეყანაში თუ დაფიქსირდა ასეთი მას გაეწიოს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება იმ საერთაშორისო სტანდარტებით, რომელიც დღეს მიღებულია”- ამბობს ამირან გამყრელიძე. 

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.