საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპელ და კანადელ ლიდერებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. თემა უკრაინის საკითხი იყო.
შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით დგანან და ყველა თავის პასუხისმგებლობას იღებს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
“მე ახლახან მქონდა კიდევ ერთი გრძელი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან. საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია.
ჩვენი სურვილია გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ყველა ჩვენს პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.
ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, რომ დასრულდეს რუსეთის მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში წარმოებული აგრესიული ომი.
ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების დაცვით, რაც ჩვენს ინტერესშია: – უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული იყოს.
– მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები.
– მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ევროპელების უსაფრთხოების საზრუნავი”, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, საჭიროა ევროპის თავდაცვისუნარიანობისთვის დანახარჯების ზრდა, რაზეც გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
“დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ საჭიროა ჩვენი თავდაცვის და უსაფრთხოებისთვის დანახარჯების და შესაძლებლობების გაზრდა ევროპისა და ჩვენი ქვეყნებისთვის. გადაწყვეტილებები მიღებული იქნება უახლოეს დღეებში და კვირებში”, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.