იტალიური დიზაინის დღე (IDD 2025) და KIU-ს ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის – „დიზაინი“ პრეზენტაცია წარადგინა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ და საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ახალი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის -„დიზაინი“ განხორციელებას იწყებს.

პროგრამის წარმატებით დასრულებისას სტუდენტები მიიღებენ ორმაგ დიპლომს – როგორც KIU-ს, ისე ნეაპოლის უნივერსიტეტის დიპლომს, დიზაინის მიმართულებით. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორები. ერთობლივი პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში დიზაინის მიმართულებით მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას.

გაცვლითი სემესტრის ფარგლებში ქართველ სტუდენტებს ექნებათ ნეაპოლის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. თავის მხრივ, ნეაპოლის უნივერსიტეტის სტუდენტები, სულ მცირე, ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან KIU-ს კამპუსზე. როგორც გაცვლითი, ისე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალისთვისაც.

„ITALIAN DESIGN DAY“ – იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივაა, რომელიც საქართველოში უკვე მეცხრედ ტარდება. IDD 2025-ის ორგანიზატორები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), საქართველოში იტალიის საელჩო და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო (ICE-ITA).

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მეგა-პროექტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში დაარსებულ ერთადერთ საერთაშორისო სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. უნივერსიტეტის იდეა ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის –საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ უნივერსიტეტის განვითარების მიზნით, ერთი მილიარდი ევროს ღირებულების ინვესტიციას ახორციელებს.

ნეაპოლის ფედერიკო II სახელობის უნივერსიტეტი დაარსდა 1224 წელს, ჰყავს 90.000-ზე მეტი სტუდენტი და მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენს.

არ გამოტოვო