აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი აგენტის ჯო მაკმონიგლის განცხადებით, მარსზე სიცოცხლე არსებობდა და მას ამასთან დაკავშირებით „მტკიცებულებები“ აქვს, – წერს DailyMail-ი.
გამოცემა იუწყება, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა აგენტმა სიჩუმე დაარღვია „დისტანციური დამკვირვებლის“ ექსპერიმენტთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ოდესღაც მარსზე სიცოცხლე არსებობდა.
მისი თქმით, 1980-იან წლებში ტარდებოდა ექსპერიმენტები ჯო მაკმონიგლის და სხვა ადამიანების მონაწილეობით, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ შეეძლოთ ინფორმაციის აღქმა სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი გონების მეშვეობით.
მაკმონიგლი, რომელიც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს „№1 დისტანციური დამკვირვებელია“ American Alchemy-ის პოდკასტში გამოვიდა და თავისი ექსპერიმენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარადგინა.
„მე მივიღე ადამიანების გამოსახულება, რომლებიც ხაფანგში მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც ატმოსფერო სულ უფრო უარესდებოდა. ცხადი იყო, რომ ეს ადამიანები რაღაცისგან კვდებოდნენ. ისინი ადამიანები იყვნენ, უბრალოდ ორჯერ უფრო დიდები, ვიდრე ჩვენ“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მარსზე სიცოცხლე ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მილიონ წელს არსებობდა.
მაკმონიგლის თეორიის თანახმად, „მსხვილმა ობიექტმა მზის სისტემაში ჩაიარა და მარსის ატმოსფერო გაანადგურა, რამაც წითელ პლანეტაზე სიცოცხლე მოსპო“.