დასავლეთ აფრიკაში მდებარე ბურკინა-ფასო, რომელიც ხმელეთით გარშემორტყმული ქვეყანაა, უმეტესწილად, ოქროს ექსპორტით და მრავალწლიანი პოლიტიკური არასტაბილურობითაა ცნობილი. ამიერიდან კი, ბურკინა-ფასო გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე გამოჩნდება, რადგან ქვეყანამ ეროვნული ელექტრომობილი — ITAOUA შექმნა.

როგორც აფრიკული კომპანიის ინჟინრები ამბობენ, ავტომობილი ნახევარ საათში იმუხტება და 330 კილომეტრს გადის. ამ დროისთვის, ITAOUA-მ SUV-ის ტიპის ორი ელექტრომობილი წარადგინა, Native-ი და Sahel-ი. კონკრეტულად რას წარმოადგენს ეს ავტომობილები, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ერთადერთი, რაც ოფიციალურად ვიცით ისაა, რომ ავტომობილები GPS-ით და Bluetooth-ით აღიჭურვა.

ავტომობილებს Ouaga 2000-ის სახელით ცნობილ ქარხანაში აწარმოებენ, რომელიც დედაქალაქ უაგადუგუში მდებარეობს. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, ეროვნულ წარმოებაზე ასობით ადამიანი დასაქმდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა წარმოება, გაყიდვები, შეკეთება და განახლებადი ენერგეტიკა.

ბურკინა-ფასოში ელექტრომობილების ადგილობრივი წარმოების ამოქოქვა პირდაპირ უკავშირდება იმ მოთხოვნას, რომელიც აფრიკის კონტინენტზე ელექტრომობილების მიმართ არსებობს. EV-ების ბაზარი წლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება და პროგნოზს თუ დავუჯერებთ, 2029 წლისთვის $25.4 მილიარდამდე გაიზრდება. საავტომობილო ბრენდის შექმნით, ბურკინა-ფასოს ხელისუფლებას სურს, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით რეგიონულ ჰაბად იქცეს.

გლობალურად გაყიდული ელექტრომობილების 95% ჩინეთზე, ევროკავშირზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის, მაგრამ ბოლო წლებში, EV-ების ყოლის სურვილი ასევე გაუჩნდა ბევრ აფრიკელს. ცოტა ხნის წინ, ჩინურ Skywell-თან და Kinwin-თან პარტნიორობით ელექტრომობილების საწარმო ბოტსვანის ქალაქ გაბორონეშიც აშენდა, რომელსაც ასევე სურს, რეგიონულ ჰაბად იქცეს. ელექტრომობილები აგრეთვე განსაკუთრებით უყვართ სამხრეთ აფრიკაში, მაროკოში, კენიაში, ტანზანიასა და ანგოლაში.