დღეს გამოვაქვეყნეთ მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, წინა აღწერასთან, ანუ 2014 წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა 5, 4 პროცენტით არის გაზრდილი, დაახლოებით, 200 ათასი კაცით და სახეზე გვაქვს 3 მილიონ 914 ათასიანი მონაცემი, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, შეინიშნება ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი.

„თუ 2014 წელს ქალაქად ცხოვრობდა მოსახლეობის 57 პროცენტი, ახალი აღწერის მიხედვით უკვე აღნიშნული მაჩვენებელი 5 პროცენტული პუნქტით, 62 პროცენტამდე არის გაზრდილი.

თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი და თბილისის მოსახლეობა უკვე მილიონ 330 ათასს აჭარბებს. ასევე მნიშვნელოვნად არის, დაახლოებით 53 პროცენტით არის გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქ ბათუმში. თუ 2014 წლის მონაცემებით ქალაქ ბათუმში 150 ათას კაცამდე ცხოვრობდა, აღნიშნული მაჩვენებელი უკვე 235 ათას კაცამდე არის გაზრდილი.

თბილისის გარდა სულ სამი რეგიონია გამოკვეთილი, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა. ეს გახლავთ, როგორც უკვე აღვნიშნე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ქვემო ქართლი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. დანარჩენ რეგიონებში შეინიშნება მოსახლეობის რიცხოვნობის კლების ტენდენცია“, – აღნიშნა მან.

მან ასევე უპასუხა კითხვას, „წელს აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. სხვათა შორის, კრიტიკოსები ამბობენ, რომ სწორედ ამის ხარჯზე მოხდა მოსახლეობის ზრდის დაფიქსირება. თქვენ როგორ განმარტავთ ამ დეტალს?“

„ეს გახლავთ საერთაშორისო სტანდარტი, რომლითაც ხელმძღვანელობს მთელი მსოფლიო, ცივილური სამყარო და აღწერის ობიექტს წარმოადგენს სწორედ ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობა, იქნება ეს საქართველოს მოქალაქე, იქნებიან ესენი უცხო ქვეყნის მოქალაქეები თუ მოქალაქეობის არმქონე პირები. სწორედ ამ მიდგომით ვიხელმძღვანელეთ ჩვენ არა მხოლოდ 2024 წლის, არამედ მთელი წინა პერიოდის აღწერებისას და შესაბამისად, სახეზეა აღნიშნული მონაცემები“, – განმარტა გოგიტა თოდრაძემ.