ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და საქართველოში ბრიტანეთის ელჩი გარეტ უორდი, აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ივანე აბაშიძე. შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა პრეზენტაციის დროს საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პროექტების შესახებ ისაუბრა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მეზღვაურის პროფესია საქართველოში პოპულარულია და ბოლო წლებში მზარდი ინტერესია ახალგაზრდა თაობას შორის, რასაც ხელი შეუწყო მთავრობის მიერ გატარებულმა რეფორმებმა საზღვაო სექტორში. გურამ გურამიშვილის განმარტებით, დარგში საქმიანობენ ახალი კადრები, რომელთა მაღალ პროფესიონალიზმზეც დასაქმების სტატისტიკაც მეტყველებს – ქართველი მეზღვაურების პროფესიული სტანდარტები ერთ-ერთი საუკეთესოა როგორც რეგიონში, ასევე გამორჩეულია ევროპის მასშტაბითაც.
სტუმრებმა დაათვალიერეს საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მეზღვაურთა სასწავლო, საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი, საწვრთნელი აუზი და სამანქანე განყოფილების ლაბორატორიები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.
პრეზენტაციის შემდეგ, მხარეებმა სამომავლოდ აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.