ჩვენ გვთხოვენ ევროპულ სტანდარტებს, მედია სივრცის რეგულირების კუთხითაც უნდა იყოს დაცული ეს სტანდარტები,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„არ შეიძლება ჟურნალისტი, მათ შორის, საინფორმაციო გადაცემების, პირდაპირ იტყუებოდეს და სიცრუეს ტირაჟირება ხდებოდეს. როდესაც კონკრეტული გადაცემაა, იქ შეიძლება ჟურნალისტმა თავისი პოზიცია, მოსაზრება დააფიქსიროს და ეს ზოგადი სტანდარტია. ამ კანონის შემთხვევაშიც, ჩვენ ვეყრდნობით წამყვანი ევროპული ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც მედია სივრცის რეგულირება აპრობირებულია და ამის გამოცდილება მაღალია. ერთ-ერთი მაგალითად არის დიდი ბრიტანეთი და არა მხოლოდ. როდესაც გადაცემის წამყვანი ფაქტებს და ინფორმაციას არ აწვდის საზოგადოებას, რომ თვითონ მათ გააკეთონ დასკვნები და თავის აზრს აწვდის, ეს მიუღებელია. როდესაც ადამიანი უყურებს საინფორმაციო გამოშვებას, მან ინფორმაცია ობიექტურად უნდა მიიღოს და შემდგომ გადაწყვეტს ვინმე ტყუის თუ არა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ და უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ თუ სხვა ქვეყნები თავიანთ სახელმწიფოს უფრთხილდებიან, ჩვენც უპირველეს ყოვლისა ჩვენს სამშობლოსა და სახელმწიფოს უნდა გავუფრთხილდეთ. ასე არ არის, რომ თუ ამერიკა და ევროკავშირის წევრები თავიანთი სახელმწიფოებისთვის რაღაცებს აკეთებენ მათივე ქვეყნებიდან გამომდინარე, ეს საქართველოსთვის ანტიდემოკრატიული იქნება. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა სახელმწიფო უფრთხილდება თავის ქვეყანას საჯაროდ და ეს სწორია, მათ შორის მშვიდობის დასაცავად. როცა ჩვენ გვთხოვენ ევროპულ სტანდარტებს, აქაც უნდა იყოს დაცული ეს სტანდარტები. ეს ჩვენი პროცესი იქნება საჯარო, გამჭვირვალე. რა თქმა უნდა ჩვენზე იქნება თავდასხმები, მანიპულაციები, მაგრამ მთავარია, საზოგადოებამ სწორად გაიგოს ჩვენ რას ვაკეთებთ და ამაში მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილმა ასევე ისაუბრა იმაზე, ექნება თუ არა „ხალხის ძალის“ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა.
„ნომერ პირველი ვისი მხარდაჭერის იმედიც ჩვენ გვაქვს, არის საზოგადოება, ორივე კანონპროექტს საზოგადოებისგან მხარდაჭერა ექნება. შესაბამისად „ქართული ოცნებაც“ საზოგადოების უმრავლესობის მხრიდანაა არჩეული და პირველ რიგში ჩვენ მათთან გვექნება კონსულტაციები. დარწმუნებულები ვართ, რომ ის რაც საზოგადოების დაკვეთაა ბუნებრივია, რომ საქართველოს პარლამენტმა ეს დაკვეთა უნდა შეასრულოს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.