2003 – 2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილული იყო: ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების დარღვევისა და ე.წ.ზილების რევოლუციის საქმე, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ბუტა რობაქიძის საქმეზე კომისიამ ბუტა რობაქიძის დედას, ია მეტრეველს მოუსმინა. ია მეტრეველის განცხადებით, 2004 წლის 23 ნოემბერს, საპატრულო ეკიპაჟმა ავტომანქანა გააჩერა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის, ბუტა რობაქიძე იჯდა. მისი თქმით, ახალგაზრდების დაკავების დროს, პატრულის ერთ-ერთი თანამშრომლის, გრიგოლ ბაშალეიშვილის გასროლას ბუტას სიკვდილი მოჰყვა. როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, საპატრულოს თანამშრომლებმა დროზე არ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მისივე თქმით, „ზემოდან“ მიღებული ბრძანების შემდეგ, რომ „პატრულის იმიჯი არ უნდა შელახულიყო“, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა საქმის გაყალბება დაიწყეს – ახალგაზრდებს იარაღები ჩაუდეს და ბანდიტებად გამოაცხადეს. განაცხადეს, რომ პირველად ბუტამ ორჯერ ესროლა პატრულის თანამშრომელს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მიმართულებით სროლა. ასევე მცდელობა ჰქონდათ ბუტა რობაქიძის სახლშიც იარაღი ჩაედოთ. ია მეტრეველის განცხადებით, მომხდარი ფაქტის შემდეგ, პოლიციამ ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდები დააკავა, პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანა და აიძულებდა ეღიარებინათ „დანაშაული“, რაც არ გამოუვიდათ.

როგორც მან აღნიშნა, დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლებაში წვლილი მიუძღვის მაშინდელ მოსამართლე ნინო შარაძეს და ყოფილ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს.

ია მეტრეველის განცხადებით, ყველაზე მეტად საქმის გაყალბებაში ჩართული იყვნენ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მაშინდელი უფროსი გურამ დონაძე და თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ მიქაძე, დამკვეთი კი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.

აღნიშნულ საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება გოჩა მუკბანიანმა მისცა, რომელიც 2004 წელს, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჟურნალისტი იყო და ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. გოჩა მუკბანიანის განცხადებით, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საზოგადოებას დამონტაჟებული და დადგმული კადრები აქვს ნანახი, რომელიც გურამ დონაძემ „დადგა“. გოჩა მუკბანიანმა ასევე აღნიშნა, თუ როგორ აიძულა იგი გურამ დონაძემ 2006 წელს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ სასამართლო პროცესზე, მისთვის სასურველი ჩვენების მიცემა. როგორც მან განაცხადა, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლისა და ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის განხილვის განახლების შემდეგ, გურამ დონაძეს მცდელობა ჰქონდა მასზე ზეწოლა მოეხდინა.

დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ე.წ.ზილების რევოლუციის საქმეზე ოთხი პირის – ნიკოლოზ ჯანჯალაშვილის, ლერი ბერიტაშვილის, ლევან ტერაშვილისა და ბესიკ ბერიტაშვილის ახსნა – განმარტებები მოისმინა. ლერი ბერიტაშვილის განცხადებით, ოპოზიციური საქმიანობის გამო, 2011 წლის ივნისში იგი სახელმწიფო გადატრიალების ცრუ ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, მოგვიანებით კი კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა დათა ახალაიამ „კასტეტით“ ყბა მოტეხა. მისი თქმით, მას აიძულებდნენ ეღიარებინა ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღის შემოტანა და გავრცელება, ბანდ-ფორმირებების შექმნა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირები.

ლერი ბერიტაშვილმა ისაუბრა კუდ-ის შენობასა და შემდეგ უკვე გლდანის ციხეში მის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, ელექტროდენით წამებაზე, ერთი შვილის მიმართ ძალადობის მუქარაზე, ხოლო მეორე შვილის ცრუ ბრალდებით დაკავებასა და მის თვალწინ წამებაზე. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიას მუქარის გამო მას ადვოკატი არ აუყვანია. ლერი ბერიტაშვილის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შედეგად იგი შშმ პირი გახდა.

ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე საუბრისას ბესიკ ბერიტაშვილმა კი განაცხადა, რომ იგი „ქართულ პარტიაში“ მძღოლად მუშაობდა და სახელმწიფო გადატრიალების გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, რა დროსაც მას სახლში იარაღები ჩაუდეს, ოჯახის წევრს კი, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი თქმით, გლდანის ციხეში განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის შემდეგ მან „აღიარა“, რომ ცხინვალის ე.წ.საზღვართან უნდა დახვედროდა 40 რუს სპეცრაზმელს, ისინი სატვირთო ავტომანქანა „ზილით“ შემოეყვანა და მოეწყო ამბოხი.

ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე ახსნა-განმარტების მიცემისას განაცხადა, რომ იგი არც ირაკლი ოქრუაშვილს იცნობდა და არც „ქართულ პარტიაში“ იყო გაწევრიანებული, იცნობდა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის მძღოლს. მისივე თქმით, იგი ცრუ ბრალდებით, თითქოს სატვირთო ავტომანქანა უნდა შეეძინა და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობა მიეღო, დააკავეს, რა დროსაც იარაღი „ჩაუდეს“. მან დეტალურად ისაუბრა ე.წ.მოდულის შენობაში წამებაზე, მათ შორის, დენის საშუალებით. ნიკოლოზ ჯანჯალაშვილმა აღნიშნა, რომ წამების შედეგად მას ელენთა და ხერხემალი დაუზიანდა.

კიდევ ერთი პირი, ვინც ე.წ.ზილების რევოლუციის საქმეზე კომისიას ახსნა-განმარტება მისცა, ლევან ტერაშვილი იყო. ლევან ტერაშვილის განცხადებით, მას ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და როგორც ერთ-ერთი დაჯგუფების ხელმძღვანელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

მისი განცხადებით, გლდანის მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგ, მას 7 დღის განმავლობაში არც საკვები მისცეს და არც წყალი.

ლევან ტერაშვილმა დეტალურად ისაუბრა გლდანის საპყრობილეში, როგორც მის, ასევე სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ მძიმე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.

დღევანდელ სხდომაზე ასევე განხილული იყო პროცედურული საკითხები. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, მხარი დაუჭირეს ნიკა გვარამიას, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძის და გივი თარგამაძის საქმეების პროკურატურაში გადაგზავნას.

​ნიკა გვარამია და ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე კომისიის დღევანდელ სხდომაზე იყვნენ დაბარებული, გივი თარგამაძე კი – 3 აპრილს გამართულ სხდომაზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

არ გამოტოვო