ფინტექ ინდუსტრიის მიღწევების, პროგრესისა და შესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელშიც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა სებ-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ გახსნა. მან მონაწილეებს გააცნო მარეგულირებლის ხედვა ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე.
ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მიზანია, შექმნას ერთიანი ეროვნული ჩარჩო, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას შესაბამის საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა უზრუნველყოს ინკლუზიური და ინოვაციური ფინტექ ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის.
გარდა ამისა, როგორც აღნიშნა ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან.
ასოციაციის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიოს ფინტექ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, სექტორულ წინსვლასა და მარეგულირებელი მოვლენების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე. დისკუსიები გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობასა და ინოვაციებისა და ინკლუზიური ფინანსური განვითარებისთვის სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია, ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სექტორის მნიშვნელოვანი სტეიკჰოლდერები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.