ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ერთგვარი ახალი ფუნქციის შეძენა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ტვირთები, საქართველოში დაბეჭდილი ერთი დეკლარაციით შეუფერხებლად შეძლებენ ტვირთების გადაზიდვას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ – საერთო სატრანზიტო კონვენციას და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას, რის შედეგადაც გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.

ამ სისტემაზე შეერთება 2018 წლიდან დავიწყეთ. აქ იყო უამრავი ნაბიჯი გადასადგმელი როგორც კანონმდებლობის კუთხით, ასევე მთლიანად გადაიწერა ახალი სისტემა, შეიქმნა ახალი პროგრამა. ეს ყველაფერი თავსებადი უნდა ყოფილიყო კონვენციის წევრ 36 ქვეყანასთან. ჩვენს ეს ეტაპები გავიარეთ. ჩამოვიდა ევროკავშირის კომისია, რომლებმაც მონიტორინგი მოახდინეს და ყველა შედეგის შესაბამისად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ სისტემას მივერთებოდით და ჩვენ გავხდით ერთიანი სატრანზიტო სისტემის წევრი“, – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

მისი თქმით, საქართველოს საბაჟოს ადმინისტრაციისთვის ეს სისტემა არის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა.

„ეს ჩვენს ბიზნესოპერატორებს, ტრანზიტში ჩართულ პირებს გარკვეულ და ბევრ უპირატესობას ანიჭებს. ჩვენს ქვეყანაში გაცემული ერთი გარანტიით და ერთი საბაჟო დეკლარაციით, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციაში წარდგენილი ერთი დეკლარაციით, უკვე ტვირთებს შეუძლიათ შეუფერხებლად შეუძლიათ იმოძრაონ კონვენციის წევრ სახელმწიფოებში, რაც აქამდე არ ხდებოდა. მთელი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ჩვენი დერეფანი გახდეს უფრო მიმზიდველი და ეს არის ერთგვარი ახალი ფუნქციის შეძენა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე გამავალი ტვირთები საქართველოში დაბეჭდილი ერთი დეკლარაციით შეუფერხებლად შეძლებენ ტვირთების გადაზიდვას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“, – აღნიშნა ზურაბ სიჭინავამ.

არ გამოტოვო