თბილისისა და ბათუმის აეროპორტები ტავ ჯორჯიამ შანხაიში სამდღიან საერთაშორისო გამოფენაზე, ITB China-ზე წარადგინა. ღონისძიების ფარგლებში ტავ ჯორჯიამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ავიაკომპანიასთან. მათ შორის არის: Finnair, Egypt Air , Ethiopian Airlines, მალაიზიის ავიახაზები და Juneyao Air (შანხაი). შეხვედრების ფარგლებში ტავ ჯორჯიამ აღნიშნულ ავიაკომპანიებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების სერვისებისა და პოტენციალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ჩინურ ავიახაზებთან საუბარი შეეხო დიდ ჩინურ ქალაქებთან პირდაპირი ავიარეისების მნიშვნელობას, ეგვიპტურ ავიახაზებთან კი განიხილეს საკურორტო ქალაქებთან პირდაპირ ავიარეისებზე არსებული მოთხოვნა.
ITB China სამდღიანი საერთაშორისო B2B გამოფენა-ფორუმია, რომელიც სრულად ორიენტირებულია ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე. ეს მოვლენა აერთიანებს ტურიზმისა და ავიაციის გლობალურ ოპერატორებს და ქმნის პლატფორმას მათ დასაკავშირებლად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან – ჩინურ ბაზართან. ITB China ქმნის ეფექტურ გარემოს ინდუსტრიული თანამშრომლობისთვის და ხელს უწყობს ჩინურ ბაზარზე გლობალური ტურისტული პროდუქტების და სერვისების პოპულარიზაციას.