თბილისის საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილი არაჯეროვნად ასრულებდა მისდამი დაკისრებულ მოვალეობას და არც „მტკვარი ჰესის“ მშენებლობის დაწყებისას და არც შემდგომ პერიოდში არ მიიღო შესაბამისი და აუცილებელი ზომები იდენტიფიცირებული რისკების თუ საფრთხეების აღმოსაფხვრელად, რაც ჰესის მშენებლობის პროცესს უკავშირდებოდა.

ბრალდებული წარდგენილ ბრაკდებას ხანდაზმულად მიიჩნევს.

„შეფარდებული გირაო არ არის რაღაც ახალი ზეწოლა. მტკიცებულებები გადმოგვეცა 11 ტომი. რის შესწავლაც ჩვენ მოვასწარით, ეს არის, რომ ამ მუხლით, რომლითაც დღეს მედავება პროკურატურა, ეს არის სრულად ხანდაზმული”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

პროკურორ მიხეილ სადრაძის შეფასებით კი, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტის კიდევ ერთხელ გაჟღერება უხერხული და ღიმილისმომგვრელია.

„მოცემულობა არის ძალიან მარტივი. ბრალდებული გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა 2019 წლის 1 მაისამდე. აბსოლუტურად ყველა ქმედებას ჰქონდა ადგილი განგრძობადად და ეს დასტურდება დოკუმენტურად, მათ შორის 2014, 2015, 2016 წლებში. ხაზს ვუსვამ – ეს საფრთხეები და რისკები, რომლებზეც არის საუბარი, მათ შორის ძალიან ნათლად ბრალის შესახებ დადგენილებაში, ნათლად არის მითითებული, რომ დროის სრულ პერიოდზე იყო. აქედან გამომდინარე, დანარჩენი ელემენტარული მათემატიკაა”, – განაცხადა პროკურორმა.

წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არ გამოტოვო