თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი სასანიამ აღნიშნა, C ჰეპატიტის პროგრამის წარმატებით ფუნქციონირებაში თენგიზ ცერცვაძეს ღვაწლი შეუფასებელია და მისი როლი გადამწყვეტი იყო როგორც პროგრამის დაგეგმვის, ისე – მისი ეფექტიანი განხორციელების პროცესში.
მისივე განმარტებით, თენგიზ ცერცვაძე იყო აივ/შიდსის სამსახურის ფუძემდებელი საქართველოში, რომლის ძალისხმევითაც, ქვეყანამ შეძლო, თავიდან აეცილებინა აივ/შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია.
თენგიზ ცერცვაძე, წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.
2009 წელს, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, ცენტრმა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისა და კვლევებისთვის, მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო – Dr. Lee Jong-Wook-ის პრემია.
გარდა აღნიშნულისა, თენგიზ ცერცვაძე იყო ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების, ევროპის ღვიძლის დაავადებათა შემსწავლელი ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის, შიდსის საერთაშორისო საზოგადოებისა და სხვა არაერთი საერთაშორისო სამედიცინო საზოგადოების წევრი.
ღონისძიებას კოლეგები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.