მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა ჩინეთის ცენტრალურ არხზე ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთობებზე ისაუბრა.
„საქართველოს სჭირდება მეტი დივერსიფიკაცია, მეტი შესაძლებლობები და ძალისხმევა ეკონომიკის გასაძლიერებლად და უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. ეკონომიკის მხარდაჭერა, ინვესტიციები, აბრეშუმის გზის განვითარება ჩინეთის ხელშეწყობით არის შეუფასებელი. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ და ჩინეთმა შეძლეს სავაჭრო ბრუნვის გაზრდა 60%-ით, რაც ძალიან კარგი შედეგია ასეთ მოკლე ვადაში იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ვაწყდებოდით ბოლო წლებში.
ჩვენ ვთვლით, რომ არსებობს სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა მით უმეტეს, თუ მხედველობაში მივიღებთ ჩინური პროდუქციის, განსაკუთრებით ელექტრომობილების, მზის პანელებისა და ავეჯის პოპულარიზაციის გაზრდას. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპით, მხოლოდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გვაქვს 10%-იანი ზრდა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. ზრდა გვაქვს არა მხოლოდ ტრადიციულ სექტორებში, როგორიცაა მაგალითად მეღვინეობა, არამედ ახალი ინდუსტრიის სფეროშიც, როგორიცაა მაგალითად IT-ტექნოლოგიები.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხელს უწყობს ბარიერების შემცირებას. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ხელს უწყობს ამ პროცესს. ისეთი ორგანიზაციების ანგარიშებში, როგორიცაა მსოფლიო ბანკი ხაზგასასმელია შუა დერეფნის მნიშვნელობა. უნიკალური პროდუქტების ერთობლიობა, ბაზრის მზარდი მოთხოვნილებები და სავაჭრო ჩარჩოების გაძლიერება, ქმნის უაღრესად ხელსაყრელ გარემოს ქართული პროდუქტების ჩინეთში გატანისთვის“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.