მნიშვნელოვანია გაერთიანება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, რადგან მშვიდობა და სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, – განაცხადა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომას ესწრებოდა.
„თემა ეხებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ჩვენ გავერთიანდეთ, რადგან ზოგადად მშვიდობა, სტაბილურობა არის არამარტო ჩვენი ქვეყნის ინტერესები, არამედ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა ყველა ქვეყანაშიც იყოს ანალოგიური სიტუაცია, ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ამ კუთხით. გავუზიარეთ სხვადასხვა გამოცდილებები, საკანონმდებლო ბაზა, თუ რა საკანონმდებლო ბაზაა საქართველოში. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა მაქსიმალურად დაკავშირებულია და ჰარმონიაში მოყვანილია ევროკავშირის ბაზასთან და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ იმ ფაქტორს, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება, გაგრძელდება ინტენსიურად. შემდეგი შეხვედრა იგეგმება უკვე ბაქოში, გენერალური ასამბლეა ჩატარდება ბაქოში და იქ უკვე ჩვენი დელეგაცია კიდევ უფრო საინტერესო იდეებით წარდგება”, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა ევროკავშირის პრიორიტეტია. სწორედ ამ გამოწვევის დასაძლევად ჩრდილოეთ მაკედონიაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სკოპიეშია საქართველოს დელეგაციაც.