ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის განსახილველად შეხვედრაზე მიიწვია. როგორც Reuters-ი იტყობინება, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილე მინისტრები შეხვედრაზე კვირას შეიკრიბებიან. შეხვედრის თემა იქნება ასევე ომი უკრაინაში.
სააგენტო შეხვედრის მისაწვევის ტექსტს ციტირებს: „შეხვედრის მიზანია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ადმინისტრაციისა და უკრაინის წარმომადგენლებთან უკანასკნელი კონტაქტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და შეჯამება“.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შეკრების მიზეზი დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის რამდენიმე დღის წინანდელი სატელეფონო საუბარი, ასევე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების სხვა განცხადებები გახდა.
კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 14 თებერვალს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს.