დღეში 7 000 ნაბიჯის გავლა საკმარისია ტვინის მუშაობის გაძლიერებისთვის და სხვადასხვა დაავადებისგან დაცვისთვის – ასეთ შედეგამდე იმ კვლევის ავტორები მივიდნენ, რომელიც სამედიცინო ჟურნალში The Lancet გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა მსოფლიოს მასშტაბით 160 ათასზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობისა და ფიზიკური აქტივობის შესახებ მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ დღეში 7 ათასი ნაბიჯის გავლა ამცირებს სერიოზული დაავადების განვითარების რისკს, როგორებიცაა კიბო, დემენცია და გულის დაავადებები.

„გვაქვს აღქმა, რომ დღეში 10 000 ნაბიჯი უნდა გავიაროთ, მაგრამ ეს არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება“, – განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა დოქტორმა მელოდი დინგმა.

ციფრი 10 000 1960-იან წლებში, იაპონიაში გამართულ მარკეტინგულ კამპანიას უკავშირდება. 1964 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე ქვეყანაში ნაბიჯმზომი შექმნეს, სახელწოდებით „მანპო-კი“, რაც ითარგმნება როგორც 10 ათასი ნაბიჯი“. დოქტორი დინგი ამბობს რომ ეს ციფრი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და ბევრი ფიტნეს ტრეკერისა და აპლიკაციისთვის არაოფიციალური გაიდლაინი გახდა.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა ხალხს ფიზიკური აქტივობისკენ მოუწოდებს.

არ გამოტოვო