როკის ლეგენდა ოზი ოსბორნი 76 წლისა გარდაიცვალა. მას პარკინსონის დაავადება ჰქონდა. ინფორმაციას The Sun-ი მუსიკოსის ოჯახის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოჯახის ცნობით, ეს დღეს დილით მოხდა.
„ძლიერი მწუხარებით, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოვცემთ, გატყობინებთ, რომ დღეს დილით ჩვენი საყვარელი ოზი ოსბორნი გარდაიცვალა. ის თავის ოჯახთან ერთად იყო, სიყვარულით გარშემორტყმული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სულ რამდენიმე კვირის წინ, ოსბორნმა თავის ბენდთან Black Sabbath-თან ერთად ბირმინგემში გამოსამშვიდობებელი კონცერტი გამართა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საქველმოქმედო შოუ გახდა.
ოსბორნი 1948 წელს, ბირმინგემში დაიბადა. ის Black Sabbath-ის ვოკალისტი და თანადამფუძნებელი იყო. ჯგუფიდან წასვლის შემდეგ ის სოლო არტისტი გახდა, ოჯახთან ერთად რეალითი შოუშიც მონაწილეობდა. ოსბორნი ორჯერ შეიყვანეს დიდი ბრიტანეთის მუსიკის დიდების დარბაზში და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში აშშ-ში – როგორც სოლო შემსრულებელი და Black Sabbath-თან ერთად. მას აქვს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და 5 პრემია „გრემი“, რომელზეც ის 12-ჯერ იყო ნომინირებული.
წარმატებულმა კარიერამ და პოპულარობამ მას მძიმე მეტალის ნათლიის არაოფიციალური ტიტული მოუტანა.