2025 წლის 24 თებერვალს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ომმა კოლოსალური ადამიანური დანაკარგი, ინფრასტრუქტურული ნგრევა და გლობალური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, რადგან ორივე მხარე განსხვავებულ სტატისტიკას ავრცელებს, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ადამიანური დანაკარგის საერთო მოცულობა 1.5 მილიონის ფარგლებშია. თუკი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დავუჯერებთ, მიმდინარე ომში რუსეთმა 900,000 ჯარისკაცი, უკრაინამ კი – 700,000 ადამიანი დაკარგა. სამოქალაქო დანაკარგების ზუსტი რაოდენობა კვლავ უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა. საერთო ჯამში, ომის გამო, უკრაინა 7-მა მილიონმა მოქალაქემ დატოვა, მათი დიდი ნაწილი ახალგაზრდა იყო.

ბუნებრივია, ომის შედეგად, უკრაინის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. განადგურდა ათასობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, საავადმყოფო და სხვა საზოგადოებრივი ობიექტი. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის აღმოსავლეთით მყოფი რეგიონები, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. გარდა ამისა, რუსეთმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზეც მნიშვნელოვანი დარტყმა მიიტანა, რამაც უკრაინის ენერგეტიკული სისტემა კრიტიკულად დააზიანა. საერთო ჯამში, ინფრასტრუქტურული ზარალის მოცულობა 486 მილიარდ დოლარს, ანუ თითქმის ნახევარ ტრილიონ დოლარს აღწევს.

ომის განმავლობაში, ორივე მხარემ მნიშვნელოვანი სამხედრო რესურსები დახარჯა. სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დათვლებით, ომში 10,000-მდე ტანკი და ჯავშანტექნიკა განადგურდა. ასევე, ჩამოგდებული იქნა 370 თვითმფრინავი და 340-მდე ვერტმფრენი. ამასთან, განადგურდა 26,000-მდე დრონი; 24,000-მდე საარტილერიო დანადგარი და 30-მდე საბრძოლო ხომალდი. საერთო ჯამში, ომში გამოყენებული სამხედრო ტექნიკის ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღწევს, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი რუსეთზე მოდის, რადგან შეტევა ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე თავდაცვა.

რა თქმა უნდა, ომმა კოლოსალური ეკონომიკური ზიანი მიაყენა უკრაინას. დაზიანებული ინფრასტრუქტურა, მოსახლეობის გადინება და წარმოების შემცირება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა. საერთო ჯამში, ომის შედეგად, უკრაინის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 50 მილიარდი დოლარით შემცირდა, პირველ წელს ეკონომიკური კლების მაჩვენებელი კი 29% იყო.

ომის შედეგად, დარტყმა რუსეთის ეკონომიკამაც მიიღო, თუმცა შედარებით ნაკლები სიმწვავით, რადგან პირველ წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა სულ რაღაც 2.1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სანქციების და შეზღუდვების დაწესების ფონზე, რუსეთი სრულად გადაერთო ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციაზე, ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი სამომავლო ზრდის პროგნოზი გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე ეს ომამდე შეიძლება ყოფილიყო. ამჟამინდელი მდგომარეობით, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მოცულობა 145 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მთლიანი სამთავრობო ბიუჯეტის 32.5%-ია და მშპ-ის 7.5%-ს წარმოადგენს, რაც კოლოსალური მაჩვენებელია და იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის რესურსების დიდი ნაწილი სწორედ ომზე იხარჯება. ყველაფრის მიუხედავად, ჩინეთისა და ინდოეთის წყალობით, რუსეთი მდგრადობას ინარჩუნებს, რადგან ზემოხსენებული ქვეყნები იმაზე მეტ ნავთობს და გაზს ყიდულობენ რუსეთისგან, ვიდრე ევროკავშირი ამას ოდესმე ახერხებდა.

ცხადია, მოკავშირეების გარეშე არც უკრაინა დარჩენილა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დახმარების სახით 175 მილიარდი დოლარი გამოუყო, აქედან $54 მილიარდი კი პირდაპირი სამხედრო დახმარება იყო, თუმცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გაცემული თანხის მოცულობა თითქმის ორჯერ მეტი იყო და ის ამერიკამ უკან უნდა ამოიღოს.

შედარებისთვის, ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი დახმარების მოცულობა $126 მილიარდს შეადგენს, აქედან $73 მილიარდი კი ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო მიმართული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანხის დიდი ნაწილი გრძელვადიანი კრედიტის სახითაა გაცემული, ანუ ეს სესხია და არა გრანტი, რაზედაც ტრამპი ხშირად აპელირებს.

საერთო ჯამში, ამერიკის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ჩართულობით, უკრაინაზე გაცემული დახმარების მოცულობა 340 მილიარდ დოლარს აღწევს, თუმცა ამ თანხის ნაწილი ჯერაც არ არის ჩარიცხული, რადგან ის მრავალწლიან პროგრამებზეა განაწილებული.

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ კონფლიქტს ეკონომიკური სარგებელი არცერთი მხარისათვის არ მოუტანია, თუკი, რა თქმა უნდა, იმ ტერიტორიებს არ ჩავთვლით, რომელზედაც კონტროლი რუსეთმა მოიპოვა. ამ მიმართულებით კრემლის მონაგარი 113,000 კვ.კმ-ს აღწევს, რაც უკრაინის საერთო ტერიტორიის 20%-ია და მასზე ფასის დადება საკმაოდ რთულია.