პეკინში, საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, პოლიტიკური კონსულტაციების მეცხრე რაუნდი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გაფართოების საკითხები სავაჭრო, ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მიმართულებით. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ხაზი გაესვა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში ერთობლივ პროექტებს. ქართულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა, კიდევ უფრო გააძლიეროს თავისი როლი როგორც „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის, ასევე „შუა დერეფნის“ განვითარებაში.
„შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და გამოწვევები. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მიმართ, ჩინეთის მხარემ კი – საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო პერიოდში განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებს, რაც თანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს.
შეხვედრას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო ჩინეთის მხრიდან – მინისტრის მოადგილე ლიუ ბინი უძღვებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.