საქართველოს პროკურატურა ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
განცხადების თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ ნინო დათაშვილის ადვოკატების მხრიდან საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხება ბრალდებულისათვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნას.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ნინო დათაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, კერძოდ, საჯარო მოსამსახურეზე – სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარემ წარმოადგინა ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, სადაც თანმხლებ დაავადებად მითითებულია ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ადვოკატების მიერვე წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში საუბარი იყო ბრალდებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მიზანშეწონილად ჩაითვალა ექსპერტიზის დანიშვნა.
აქვე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მსგავს შემთხვევებში, ყოველთვის ინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივლისს შეეფარდა.