საქართველოში თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
დღეს, 23 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი გაუწმენდავ გზებზე, ელექტროენერგიისა და გათბობის არარსებობაზე წუხს და ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
თოვლის გამო, ფოთში 6 000-მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ხვალიდან კი, ბაღებსა და სკოლებში შეჩერდება სასწავლო პროცესი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საქართველოს გზებზე ვითარება შემდეგია:
- ფარავნის უღელტეხილზე თოვლის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია;
- იმავე მიზეზით, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აკრძალულია;
- ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
- თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია;
- კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია;
ასევე, აღდგენილია მოძრაობა სხვა მონაკვეთებზე.
მასალას დეპარტამენტი მუდმივად აახლებს და ინფორმაციის მიღებისთანავე, მკითხველს განახლებულ მონაცემებს შევთავაზებთ.