ხორვატიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირზე საქართველომ ოთხი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ტყვიის მსროლელმა მარიამ აბრამიშვილმა სოლო ტურნირში ოქროს მედალი მიიღო; ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმაც – გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, მათ ფინალში უკრაინის ნაკრებს ანგარიშით 16:6 სძლიეს.

გუნდურ ჩათვლაში ოქრო გოგონათა ნაკრებმა – მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით – მოიპოვა. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.

ქართველი ტყვიის მსროლელები ევროპის პირველობაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

არ გამოტოვო