სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევებში საერთაშორისო კავშირების გაფართოების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Pace University New York-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმებაზე ისაუბრეს თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ და Pace University New York-ის საერთაშორისო ოფისის დირექტორმა ლიზა კრაფთმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო Pace University-ს სეზონურ პროგრამებში თსუ-ს სტუდენტების მონაწილეობის შესაძლებლობებს.
განიხილეს ფინანსური შეღავათების, აკადემიური მხარდაჭერისა და ადმინისტრაციული მომსახურების შეთავაზება თსუ-ს სტუდენტებისთვის, რაც მნიშვნელოვან სტიმულად შეიძლება იქცეს თსუ-ს სტუდენტური მობილობის ზრდისა და საერთაშორისო გამოცდილების გაღრმავების მიმართულებით. პარტნიორობის პირობების ჩამოყალიბების პროცესში გათვალისწინებულია სტუდენტთა აკადემიური მობილობის, ინგლისურენოვანი კურსების ხელმისაწვდომობისა და მიღების პროცესის გამარტივება.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თეა გერგედავამ და თსუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე ფირცხალავამ შეხვედრა გამართეს Rutgers, The State University of New Jersey-ის გლობალურ საქმეთა ოფისში. შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის გლობალური ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი ერიკ გარფუნკელი და პარტნიორობის განვითარების ასოცირებული დირექტორი, კიმ პერნი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თსუ-სა და Rutgers-ის უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა მონაწილეობას სეზონურ და მოკლევადიან პროგრამებში, რომლებიც შესაძლებელს გახდის თსუ-ს სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის, პრაქტიკაზე ორიენტირებული საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.