ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) მოძრავი ტვირთის ნაწილი უკრაინის გავლით გაიგზავნება.
ამის შესახებ უკრაინის რკინიგზის ლოგისტიკისა და კომერციული საქმიანობის დირექტორმა, ტიმოფეი მურახოვსკიმ განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.
მისი თქმით, ტვირთის გადასაზიდად უკრაინის რკინიგზა ორ ბორანს, Heroes of Plevna-სა („პლევნის გმირებსა”) და Heroes of Shipka-ს („შიპკის გმირებს“) გამოიყენებს, მაშინ, როცა მანამდე უწყება სახელმწიფო ქონების ფონდში მათ გადაცემას არაპროფილური აქტივების სახით გეგმავდა.ბორნები საკონტეინერო მატარებლებს კასპიის პორტებიდან ბაქოში, შემდეგ კი ფოთის პორტიდან ოდესაში გადაიყვანენ, ხოლო ოდესიდან ევროპაში გაემართებიან.
ამდენად, მურახოვსკის შეფასებით, უკრაინის რკინიგზა არა მხოლოდ სარკინიგზო, არამედ საზღვაო გადაზიდვების ოპერატორი ხდება.
“საბოლოო მიზანია, შევქმნათ დერეფანი, რომელიც ჩვენს კლიენტებს ჩინეთიდან ევროპაში “გასაღების ჩაბარებით” მოემსახურება,” – აცხადებს მურახოვსკი.
მისი მონაცემებით, ბორნები დღეში, მინიმუმ, ორი საკონტეინერო მატარებლის გადაყვანას შეძლებენ, რაც ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთბრუნვას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, პროექტის განსახორციელებლად ყაზახეთში კომპანია, UZ Cargo East დარეგისტრირდება.
შემდეგი შეხვედრა, რომელზეც უკრაინის რკინიგზის წარმომადგენლების მონაწილეობით პროექტს განიხილავენ, ორ კვირაში, ბაქოში გაიმართება.
პროექტის განხორციელების ვადები ჯერჯერობით უცნობია.
სწორედ ეს ორი სარკინიგზო ბორანი უნდა გამოყენებულიყო უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის დეპარტამენტების ერთობლივ ექსპლუატაციაში, რომელსაც 2017 წლის სექტემბერში, ოდესაში ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებდა. მემორანდუმის მიზანი იყო სატვირთო გადაზიდვების განვითარება ევროკავშირი-უკრაინა-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯან-კასპიის ზღვა-აზიის რეგიონის ქვეყნების მარშრუტით. ბორნებს უკრაინის სახელმწიფო დროშის ქვეშ ცურვის ნებართვა ჰქონდათ მინიჭებული.
ცნობისთვის: უკრაინულმა კომპანია Ukrferry-მ საქართველოსთან საბორნე მიმოსვლა 2022 წლის თებერვლის შემდეგ შეწყვიტა. 2024 წლის ივნისში კომპანიამ დააანონსა, რომ ოდესის ოლქის ქალაქ ჩერნომორსკსა და ბათუმს შორის საბორნე მიმოსვლას 9 ივლისიდან განაახლებდა, საქართველოს მიმართულებით კი პირველი რეისი 12 ივლისს უნდა შესრულებულიყო. მარშრუტზე 1989 წელს გერმანიაში აშენებული ბორან Kaunas-ს უნდა ემუშავა, რომელზეც სხვადასხვა კლასის ნომრებში 250 სამგზავრო ადგილია. ამასთან, ორ სატვირთო გემბანზე ერთდროულად 49 უნივერსალური სარკინიგზო ვაგონისა და 50 სატვირთო ავტომობილის განთავსება არის შესაძლებელი. კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მარშრუტის რუკა აჩვენებდა, რომ ბორანი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს ფართოდ აუვლიდა გვერდს. თუმცა საბოლოდ კომპანიამ სერვისის ამოქმედება გადადო.
Reuters-ის შეფასებით, საქართველოსთან საბორნე მიმოსვლის განახლება კიევს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს. სააგენტო წერს, რომ უკრაინამ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში დერეფანი 2023 წელს მას შემდეგ გახსნა, რაც უკრაინულმა შეიარაღებულმა ძალებმა იქიდან რუსული სამხედრო ხომალდები საზღვაო დრონების თავდასხმებით განდევნეს. ამ დერეფანმა უკრაინას საშუალება მისცა, მარცვლეულისა და ლითონის ექსპორტი გაეზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ