სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 9 აპრილს გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სამების ტაძარში იმყოფებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.