სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებით გრძელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს ინიცირებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარება და დამატებითი აქტივების მოზიდვა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 14 მოიჯარეს: მცხეთის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ხობის, ოზურგეთის, წყალტუბოსა და თელავის მუნიციპალიტეტებში, მათ მიერ იჯარით აღებული 14 ერთეული, ჯამურად – 43.245 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის უფლება მიეცათ.

უძრავი ქონების ჯამური საბაზრო ფასი 1 296 164 ლარს შეადგენს, ხოლო დაინტერესებულ პირებს აღნიშნული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ჯამურად 972 125 ლარად (საბაზრო ფასის 75%) საკუთრებაში გადაეცემათ. გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე იქნა მიღებული.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ვრცელდება, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე, რომლებზეც განხორციელებულია სამეურნეო სამუშაოები და მოიჯარეეებს აძლევს აღნიშნული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესაძლებლობას. ამასთან, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იჯარის უფლებით გადაცემული უძრავი ნივთების გამოსყიდვა ხორციელდება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი შესაბამისი უძრავი ქონების საბაზრო ფასის 75%-ის ოდენობით.

მთლიანობაში, 2020 წლიდან დღემდე პროგრამით 274 პირმა ისარგებლა. იჯარა-გამოსყიდვა განხორციელდა 337 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1511 ჰა მიწის ნაკვეთებზე, რომელთა ჯამური საპრივატიზებო ღირებულება 26,905,363 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა გააჩნია სააგენტოს ყველა მოიჯარეს, ვინც აკმაყოფილებს პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.