ორგანული მევენახეობისა და მეღვინეობის კომპანია „ფაფრის ველი“ კახეთში, 2004 წლიდან 9.3 ჰა-ზე გაშენებულ ვენახებს და 2016 წლიდან ბიოღვინის წარმოებას მართავს.

გამორჩეული სახელისა და ლოგოს მქონე ღვინის ბოთლები სოფელ ახაშენის მიმდებარედ ტალღოვანი რელიეფის მქონე მთის ფერდობზე გაშენებული ვენახებიდან დაწურული ღვინით ივსება. ფერდობის ამ რელიეფის გამო ადგილს ფაფრის ხეობას ეძახიან და სწორედ აქედან იღებს მეღვინეობა სახელს.

9.3 ჰა ვენახის 85%-ზე ორგანულ მეურნეობას მაღალი ხარისხის საფერავი და ხოლო 15% – ზე რქაწითელი აქვს გაშენებული. ღვინოს კი ინოვაციური, მულტიტერასული სისტემითა და ბიოტექნოლოგიით ამზადებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისთვის კომპანიას 29-ქვევრიანი მარანი ტერასულად, ვენახის ტერიტორიაზე აქვს განთავსებული. მაღალი ხარისხის ბიოღვინო დღეს უკვე 17 ქვეყანაში – იაპონიაში, აშშ-ში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, გერმანიაში, დიდი ბრიტანეთში, ჩეხეთში, ნორვეგიაში, სამხრეთ კორეაში, შვეიცარიაში, უკრაინაში და სხვა მიმართულებით გადის ექსპორტზე. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შალვა ქურდაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, „ფაფრის ველი“ ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.


ოჯახური ბიზნესი, რომელიც „ფაფრის ველის“ ბრენდით საავტორო, მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს 6 ადამიანს ასაქმებს. კომპანიის თანადამფუძნებელი BM.GE-სთან ბიზნესის ეტაპობრივი განვითარების გზაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მცირე მეურნეობისთვის, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს, დროის მოკლე მონაკვეთში გაწერილი ბიზნესგეგმის განხორციელება, ხშირად, პირადი ფინანსური რესურსებით ვერ ხერხდება და ამ დროს სანდო ფინანსური პარტნიორის ყოლა მნიშვნელოვანია.

„გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ ვენახიდან – ღვინომდე, გრძელვადიან ინვესტიციას გულისხმობს. თავდაპირველად ბიზნესის განვითარება პირადი ფინანსური რესურსით დავიწყეთ და 2004 წელს ახალი ვენახის გაშენება გადავწყვიტეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც მარნის აშენება და მეღვინეობის ამოქმედება დავგეგმეთ, დამატებითი ფინანსების მოზიდვა დაგვჭირდა. სწორედ ამ დროს, „საქართველოს ბანკი“ ჩვენი საყრდენი გახდა და მათი ფინანსური მხარდაჭერა მშენებლობის პროცესის დროულ განხორციელებაში დაგვეხმარა. სხვაგვარად სტარტაპიდან დაწყებული, შემდგომში საჭირო ინვესტიციების განხორციელებას ინდივიდუალურად ვერ შევძლებდით“, – უთხრა BM.GE -ის შალვა ქურდაძემ.

ვენახის საყრდენი ბოძები, ვენახის რემონტი, ღვინის საწარმოს აღჭურვა, საჭირო ტექნიკის, ქვევრების და შესაბამისი ინვენტარის შეძენა – მევენახეობა – მეღვინეობის კომპანიამ წლების განმავლობაში მეურნეობის განვითარებისთვის ჯამში 700 ათასი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 35% „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოხდა.

„სანდო ფინანსურ ინსტიტუტთან ერთად, ეტაპობრივად ჩვენი წარმოების განვითარება, ტექნოლოგიური აღჭურვა და გაძლიერება შევძელით. შესაბამისად, ეს პარტნიორული ურთიერთობები ძალიან გვეხმარება, სამუშაო კომფორტს გვიქმნის და დროს გვაზოგინებს, რაც ღვინის ხარისხზე მოქმედებს და საერთაშორისო ბაზრებზე ბრენდ „ფაფრის ველის“ პოზიციებს ამყარებს“, – აღნიშნავს „ფაფრის ველის“ თანადამფუძნებელი.

კომპანიისთვის მთავარი ღვინის ხარისხია, შესაბამისად „ფაფრის ველი“ ახალი ბაზრების ათვისებას მომავალშიც გააგრძელებს და ქართულ ბიოღვინოს უფრო მეტ უცხოურ ბაზარს გააცნობს.

By admin