კომუნიკაციების კომისიის 2019-2020 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა თხოვნით მიმართა, რომ კომისია სატელეკომუნიკაციო საცალო ბაზრის რეგულირებაში ჩაერიოს, ვინაიდან დიდი ოპერატორების მხრიდან, როგორიცაა „სილქნეტი“ და „მაგთიკომი“ ხდება მცირე ბიზნესის შევიწროება. სეთურის თქმით, დიდი კომპანიები რეგიონებში მომხმარებელს დემპინგურ ფასებს სთავაზობენ, რაც 150 საშუალო კომპანიას ანგრევს.
„საცალო ბაზარი ჩვენთვის კრიტიკულად პრობლემურია. საბითუმო ბაზარზე სიტუაცია დალაგდა და ბოლო 3 წლის განმავლობაში შემიძლია ვთქვა, რომ გადავრჩით და არ გავკოტრდით კომუნიკაციების კომისიის მიღებული რეგულაციებით, ვინაიდან 10-ჯერ და 30-ჯერ შემცირდა საბითუმო ტარიფები. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან საცალო ბაზარზე ხდება სრული კატასტროფა. თუ ასე გაგრძელდა, მივიღებთ, დემპინგს და მიზანმიმართულად 150-მდე კომპანიის რეგიონების ბაზრიდან გამოძევებას. 18, 10, 20-ლარიანი ტარიფებით დიდი კომპანიები, რეალურ ხარჯზე ნაკლებად სთავაზობენ მომხმარებლებს პაკეტებს, იმისთვის, რომ პატარა კომპანიებმა კონკურენცია ვერ გაუწიონ. იგივე პაკეტებს კი თბილისში 50-70 ლარად სთავაზობენ , ვინაიდან დედაქალაქში მცირე კომპანიები წარმოდგენილი არ ვართ . ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დამანგრეველი. არა მარტო ჩვენთვის, არამედ ბაზრისთვის“, – განაცხადა უჩა სეთურმა.