რუსული დელეგაცია პუტინ-ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას განიხილავს

რუსეთის დელეგაციამ სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებზე კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორი ნაბიჯის გადადგმაზე ისაუბრა. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ი ავრცელებს.

რუსეთის დელეგაციაზე დაყრდნობით РИА იტყობინება, რომ ეს ნაბიჯები მოიცავს “კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით სამხედრო აქტივობის მკვეთრ შემცირებას”, ამასთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესაძლებლობას.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პრეზიდენტის თანაშემწემ, ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებებს “კონსტრუქციული” უწოდა.

უკრაინის დელეგაციის მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები დღეს, 29 მარტს თურქეთში დაიწყო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.