ახლა უკვე დაიწყეს რაკეტების თვლა ორივე მხრიდან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ირანს პრაქტიკულად არ ჰყავს ახალი რაკეტების მიმწოდებელი, – განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა. მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე ომი და მის გარშემო განვითარებული პროცესები მიმოიხილა.

„ირანი ძალიან მნიშვნელოვანი, თითქმის 100-მილიონიანი ქვეყანაა ისეთ რეგიონში, რომელიც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია და უკვე რამდენი წლის განმავლობაში არის დაძაბულობის ერთ-ერთი ძირითადი კერა. ამ ბოლო დროს ყველაზე უფრო ხშირად იწერება, ის რომ ირანმა პრაქტიკულად ყველა მოკავშირე დაკარგა და ირანი და მისი გავლენები რეგიონში დასუსტებულია. თუმცა, ისლამური სოლიდარობა მაინც არსებობს, (როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს სუნიტებსა და შიიტებს შორის), მითუმეტეს ისეთ მნიშვნელოვან ქვეყნებს შორის, როგორიც თურქეთი და ირანია. თურქეთი თვითონ ცდილობს, რომ რაღაცნაირად ლიდერის როლი ითამაშოს ისლამურ სამყაროში და ამიტომ ეს არ არის გასაკვირი.

ფაქტია პირველი სამხედრო დარტყმა განახორციელა ისრაელმა. ამას შეიძლება ის გამართლება მოეძებნოს, რომ ირანი თვითონ ისრაელის არსებობის უფლებას არ ცნობს. ეს ისრაელის მხრიდან წონადი არგუმენტია. ეს ძალიან მრავალმხრივი საკითხია. აქ არის არა მხოლოდ პოლიტიკური და რელიგიური საკითხები, არამედ ეკონომიკური საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია; ძალიან ბევრმა მიაქცია ყურადღება არც ისე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც ნახტომს ნავთობის ფასებში. შეიძლება ეს გაგრძელდეს და შეიძლება ამას მოჰყვეს ინფლაცია და სხვა პროცესები, რომელიც მოჰყვება ხოლმე როგორც წესი ენერგომატარებლების ფასების ზრდას არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს მსოფლიოში“, – განაცხადა ჟღენტმა.

არ გამოტოვო