ჩვენ მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კანონის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას და მათი ქვეყნიდან გაძევებას, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ არალეგალურად მყოფი 34 უცხოელის ქვეყნიდან გაძევებასთან და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

„აქტიურ რეჟიმში ვახორციელებთ შესაბამის ღონისძიებებს როგორც საპოლიციო დანაყოფები, ასევე მიგრაციის დეპარტამენტი. მათ შორის, ხდება შემოწმება კონკრეტული ლოკაციების, სადაც გვაქვს ინფორმაცია, რომ კომპაქტურად იმყოფებიან კანონის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რასაც სახელმწიფო ახორციელებს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ მომავალშიც ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელებთ კანონის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას და მათი ქვეყნიდან გაძევებას.

კანონის მიღების შემდეგ და მიგრაციის დეპარტამენტის რესურსების გაძლიერების შემდეგ საშუალება გვექნება ეფექტურად გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. იზრდება ჯარიმები უვიზოდ მოგზაურობის წესების დარღვევისთვის და დამატებით სახდელად დაწესდება ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. მინიმალური ვადა არის 6 თვე, შეძლება სამი წელიც კი შეეზღუდოს ქვეყანაში შემოსვლა“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.