ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე იმსჯელეს

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, – ამის შესახებ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა ადამიანის ვაჭრობისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო ხედვებზე ისაუბრეს. სამუშაო შეხვედრაზე განხილული თემები ირაკლი ბერაიამ შეაჯამა და აღნიშნა, რომ საკითხის ირგვლივ საინტერესო და დეტალური დისკუსია გაიმართა, სადაც გამოიკვეთა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ამ სფეროში და თუ რა გამოწვევები არსებობს.

„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და ყველა შეფასებებში ჩვენი ქვეყანა მოწინავე ადგილს იკავებს. მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, არის სივრცე, სადაც შესაძლებელია პრაქტიკულ ნაწილში ეფექტიანობის ამაღლება და სამუშაო ჯგუფის წინადადებები ამ კუთხით იქნება ფოკუსირებული. საუბარია შესაბამისი უწყებების სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის გაგრძელებაზე, მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე, შესაბამისი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის უნარ-ჩვევების შემდგომ განვითარებაზე, ტრეფიკინგია წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში კვლევის კომპონენტის გაუმჯობესებაზე და საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

სამუშაო ჯგუფი ევროკავშირის მე-6 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შეიქმნა და მასში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ნაწილის წარმომადგენლები შედიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.