2022 წელს ჩურჩხელის ექსპორტი განახევრდა – სად გადის ქართული ჩურჩხელა?

საქართველოდან 2022 წელს ექსპორტზე 125 ათასი დოლარის ღირებულების 14.5 ტონა ჩურჩხელა გავიდა. შესაბამისად, ქართული ჩურჩხელის რეალიზების მაჩვენებელი 2021 წელთან შედარებით განახევრდა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ქვეყანამ 32 ტონა ჩურჩხელის ექსპორტით 254.8 ათას დოლარის შემოსავალი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩურჩხელის ექსპორტი დიდი არ არის, 2022 წელს ჩურჩხელის მთავარ სარეალიზაციო მიმართულებებს შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, აშშ და კანადა არიან. აქედან, გასული წლის განმავლობაში მთავარი საექსპორტო ბაზარი გერმანია იყო.

ჩურჩხელის TOP-5 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

1. გერმანია – 32.2 ათასი დოლარი, 3 ტონა;
2. ლიეტუვა – 20.3 ათასი დოლარი, 2.8 ტონა;
3. აშშ – 15.1 ათასი დოლარი, 2 ტონა;
4. კანადა – 12.4 ათასი დოლარი, 1.2 ტონა;
5. ლატვია – 11.5 ათასი დოლარი, 1.2 ტონა;

გარდა ამ ქვეყნებისა, ჩურჩხელა ისრაელში, იტალიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში და უმნიშვნელო მოცულობებით უკრაინასა და ჩეხეთში გავიდა.

საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ჩურჩხელის ექსპორტი შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: იმ არჩილ მაძღარაშვილი, იმ გოჩა ოთარაშვილი, შპს ემბონი, შპს ბადაგი, შპს ბარუქი, შპს ლაკი, შპს მუკუზანი ღვინის სარდაფი; შპს ნუგბარი, შპს პროდლაინი, შპს წყარო.გე. (ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

წლიურად ჩურჩხელის ექსპორტის კლების შემდეგ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქონლის ექსპორტის ღირებულება გაიზარდა, მოცულობა კი მცირედით შემცირებულია. იანვარ-მარტში საქართველოდან სულ 5 ქვეყანაში 51.1 ათასი დოლარის ღირებულების 4.8 ტონა ჩურჩხელა გავიდა ექსპორტზე, მაშინ როდესაც 2022 წლის სამი თვის მაჩვენებელი 42.6 ათასი დოლარი და 5.2 ტონა იყო.

ამ პერიოდში ჩურჩხელის რეალიზება გერმანიაში (22.1 ათასი დოლარი, 1.7 ტონა), ისრაელში (16.3 ათასი დოლარი, 1.6 ტონა), უკრაინაში (5.1 ათასი დოლარი, 0.7 ტონა), ლატვიაში (3.3 ათასი დოლარი, 0.3 ტონა), კანადასა (2.7 ათასი დოლარი, 0.3 ტონა) და აშშ-ში (1.2 ათასი დოლარი, 0.1 ტონა).

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.