პანკისში მკვლელობის ფაქტზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი დააკავეს

ფოტოზე - ერთ-ერთი დაკავებული არბი ქავთარაშვილი

ფოტოზე – ერთ-ერთი დაკავებული არბი ქავთარაშვილი

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირებისას, 1982 წელს დაბადებული ვისო მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. დაკავებულები არიან არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

არბი ქავთარაშვილი მურად ქავთარაშვილის ძმის შვილია. მისივე ნათესავია რამაზ ხანგოშვილიც. სწორედ მურად ქავთარაშვილს ასახელებენ შეიარაღებული დაპირისპირების ორგანიზატორად და შეიარაღებული ჯგუფის ხელმძღვანელად მოკლული მუთოშვილის ახლობლები.

საკობიანოში სროლის დროს ფეხში დაიჭრა მურად ქავთარაშვილიც. პანკისის მცხოვრებლები მას უკანონო შეიარაღებული ჯგუფის შექმნასა და დანაშაულის მომზადებაში ადანაშაულებენ.

ხუთი შვილის მამა, 37 წლის ვისო მუთოშვილი 27 ნოემბერს, შუადღეს მოკლეს. შეიარაღებული ჯგუფის წევრები მუთოშვილებს თავს სოფელ საკობიანოს გადასახვევთან დაესხნენ. სროლა 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა. პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების თვალწინ ჩაცხრილეს ერთი და დაჭრეს სამი ადამიანი. დანაშაულის აღსაკვეთად პოლიციამ არაფერი გააკეთა.